alt
კითხვები და პასუხები
კითხვა

უშვილობა-რა არის ეს?გაგზავნის გვერდიგაგზავნაამოსაბეჭდი ვერსიაამოსაბეჭდი ვერსია

რა არის უშვილობა?

უშვილობა არ არის ავადმყოფობა, უშვილო წყვილების უმრავლესობა პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. უშვილობა – ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგია, რომელიც ხშირად ქალს ან მამაკაცს არ აწუხებს, თუმცა ხელს უშლის ორსულობის დადგომას.

რამდენიმე ათეული წლის უკან, როცა უშვილობის გამოკვლევის მეთოდები ჯანმრთელობისთვის საზიანო და ნაკლებინფორმაციული იყო, უშვილობის გამოკვლევა წყვილის თანაცხოვრებიდან 2 წლის შემდეგ იწყებოდა, ანუ უშვილობად ითვლებოდა ისეთი მდგომარეობა, როცა მიუხედავად რეგულარული სქესობრივი კონტაქტისა ორსულობა 2 წლის მანძილზე არ ხდებოდა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა და გაცილებით ინფორმატიული გახადა, რამაც ბოლო ათწლეულში აღნიშნული დროის მონაკვეთის 1 წლამდე შემცირება გამოიწვია. თუმცა მიდგომა აღნიშნულ პრობლემასთან კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია. თანამედროვე სტანდარტით, რომელიც ბოლო 2 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ფერტილოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია 6 თვის უშვილობის შემთხვევაში, რადგან ის შესაძლებელს ხდის პრაქტიკულად ყოველგვარი გართულებების გარეშე, უმოკლეს ვადაში გავიგოთ უშვილობის მიზეზი და არ დავკარგოთ დრო, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უშვილობის დროს.

როგორ ხდება ორსულობა და რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი? 

პირველ რიგში ძალიან მოკლედ ავღწეროთ ორსულობის დადგომის "მექანიზმი": თითქმის ყოველ მენსტრუალურ ციკლში ქალის ორგანიზმში ხდება ოვულაცია ანუ საკვერცხედან კვერცხუჯრედის გამოსვლა, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში, შემდეგ მიემართება საშვილოსნოს მილში, სადაც ხდება მისი განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება მილში საშვილოსნოს ღრუსკენ, მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს კედელს ანუ ხდება იმპლანტაცია და იწყება ორსულობა. აღნიშნული "მექანიზმის" ნებისმიერი ეტაპის დარღვევა შესაძლოა იყოს უშვილობის მიზეზი.

მაგალითად, თუ ოვულაცია არ მოხდა ვერ "მივიღებთ" კვერცხუჯრედს და შესაბამისად განაყოფიერებაც არ მოხდება, თუ მილები გაუმტარია კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება მილში და შესაბამისად ვერ "შეხვდება" სპერმატოზოიდს, თუ საშვილოსნოს კედლები არ არის სწორი (მაგ. პოლიპები, შეხორცებები და ა. შ.) განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება მას, თუ მამაკაცის სპერმა "უხარისხოა" კვერცხუჯრედის განაყოფიერებას "ვერ მოახერხებს" და ორსულობაც არ მოხდება.

ქალის ცხოვრების მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში მხოლოდ 400 კვერცხუჯრედი მწიფდება, მამაკაცი კი ყოველ სქესობრივ კონტაქტზე 100-500 მილიონ სპერმატოზოიდს გამოყოფს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს. ჩვეულებრივ, ქალის საკვერცხე ყოველთვიურად მხოლოდ ერთ კვეცხუჯრედს გამოიყოფს იმისათვის, რომ ათეულ მილიონობით სპერმატოზოიდებიდან ერთ-ერთს შეერწყას. აღნიშნული ინფორმაციიდან გასაგებია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის ორგანიზმს და რამდენად "ძვირფასია" თითოეული კვერცხუჯრედი. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც 40 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის "მარაგი" თითქმის "ილევა" და ახლოვდება კლიმაქსი.

ყოველივე აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ასაკი წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ჯანმრთელ წყვილში შვილოსნობის ფუნქცია პიკს 25 წლის ასაკში აღწევს და თითო სქესობრივ კონტაქტზე ორსულობის შანსი 20-25%-ია, შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი თანდათანობით კლებულობს და შესაბამისად, რაც მეტია ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი.

 უშვილობის გამომწვევი მიზეზები

უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს: როგორც ქალის ასევე მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული, კომბინირებული – ანუ როცა ადგილი აქვს ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობას და ე. წ. იდიოპათიური უშვილობა, როცა უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ანოვულაცია, ანუ როცა არ ხდება კვერცხუჯრედის გამოყოფა, რაც ძირითადად ენდოკრინული ფაქტორებითაა გამოწვეული. თუ კვერცხუჯრედი არ გამოიყოფა, სპერმა მას ვერ გაანაყოფიერებს და ბუნებრივია, ორსულობა ვერ მოხდება. ოვულაციის დაკვირვება ხდება ექოსკოპიურად, რასაც პერიოვულატორული ექომონიტორინგი ეწოდება.

ქალის უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს აგრეთვე რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნოს, მილების, მცირე მენჯის ღრუს) პათოლოგიები, გენეტიკური, იმუნური და სხვა მიზეზები. 

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც ვერ ახერხებს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირო-ენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომო-ფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.

 

როგორ ხდება უშვილობის დიაგნოსტიკა?

უშვილობა მრავალი წყვილისთვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, თუ რა არის უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. გაუგებარი სიტუაცია იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს, იკარგება უამრავი დრო და თანხები. ამასთან ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავად ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, და შესაბამისად ჩატარდეს მკურნალობა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაორსულების შანსს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის უნიკალური მეთოდი – ფერტილოსკოპია, რომლის დროს ხდება ქალის იმ რეპროდუქციული ორგანოების დათვალიერება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ დაორსულების პროცესში. ფერტილოსკოპია კომპლექსური გამოკვლევაა, რომელიც მოიცავს:

მიკროჰისტეროსკოპიას (ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა)
ტრანსვაგინური ჰიდროლაპაროსკოპია (მცირე მენჯის ღრუს გამოკვლევა)
სალპინგოსკოპიას (მილის ღრუს ლორწოვანი გარსის გამოკვლევა)
ქრომოპერტუბაციას (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის გამოკვლევა)

ფერტილოსკოპიის აპარატი წარმოადგენს მინიენდოსკოპს ციფრული ვიდეოკამერით, რაც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას ეკრანზე. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ ფერტილოსკოპიის დროს ხდება მცირე ზომის ვიდეოკამერით ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, მილები, საკვერცხეები და ა. შ) მაქსიმალურად ფიზიოლოგიურ პირობებში დათვალიერება, რაც გადიდებულ მასშტაბში და ნატურალურ ფერებში აისახება მონიტორზე. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, ხანგრძლივობაა 20-30 წუთი, გამოკვლევის შემდეგ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფერტილოსკოპიისას რაიმე პათოლოგიის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების, შეხორცებების, ენდომეტრიული უბნების მოცილება, კისტის ამოღება, მილების გამტარობის აღდგენა და სხვა. ყოველივე ამის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება დაორსულების შანსი. მრავალი ოპერაცია, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების დრილინგი, ენდომეტრიული კისტის მოცილება და ა. შ., რომელიც ადრე ლაპარატომიულად (ანუ მუცლის გაჭრით) ან უკეთეს შემთხვევაში ლაპაროსკოპიულად კეთდებოდა, რაც ასევე მოითხოვს საერთო ანესთეზიას და სტაციონარულ პირობებს, დღეს შესაძლებელია ბევრ შემთხვევაში ფერტილოსკოპიით გაკეთდეს ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივრებით, "უსისხლოდ".

ფერტილოსკოპიის შედეგად შესაძლებელი გახდა ქალის რეპროდუქციული ორგანოების ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც შეუძლებელია დაინახო დღეს არსებული რომელიმე სხვა მეთოდით, მაგალითად: პოლიპები ან შეხორცებები მილის სანათურში, წვრილი შეხორცებები ფიმბრიებზე, მილის ლორწოვანი გარსის ატროფია ხელს უშლის კვერცხუჯრედის გადაადგილებას და მილი გამტარიც რომ იყოს, ორსულობის შანსი - მინიმალურია, მათი დანახვა კი მხოლოდ ფერტილოსკოპიითაა შესაძლებელი. ფერტილოსკოპიური მეთოდის ასეთი მაღალი დიაგნოსტიკური საშუალებების გამო იმ ქალებში, სადაც უშვილობის გამოკვლევა აღნიშნული მეთოდით ტარდება, იდიოპათიური ანუ დაუდგენელი მიზეზის უშვილობა პრაქტიკულად არ გვხვდება.

 უშვილობის დროს აუცილებელია ერთდროულად ჩატარდეს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გამოკვლევა.

მამაკაცების გამოკვლევისას პირველ ეტაპზე სპერმის ანალიზი ტარდება. თუ სპერმის მონაცემები ნორმის ფარგლებშია, დამატებითი გამოკვლევები არ არის საჭირო. სპერმოგრამაში რაიმე ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში კი რეკომენდირებულია მამაკაცს ჩაუტარდეს ჰორმონების გამოკვლევა, პროსტატას და სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, რომელთა შედეგების მიხედვით ექიმი დაგეგმავს მკურნალობას.

 
© რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრი