რა არის მიკროჰისტეროსკოპია
მიკროჰისტეროსკოპია - საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევის ენდოსკოპიური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება ცერვიკალური არხის, საშვილოსნოს ღრუს კედლების, მილების სანათურების გამოკვლევა და ოპერაციული მკურნალობა.
რით განსხვავდება მიკროჰისტეროსკოპია ჰისტეროსკოპიისგან
მიკროჰისტეროსკოპიის ინსტრუმენტი ჰისტეროსკოპიასთან შედარებით მცირე დიამეტრისაა, რაც იძლევა საშუალებას გამოკვლევა ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის გაფართოების გარეშე ადგილობრივი გაუტკივარებით და გამოკვლეული იქნას მილების სანათურებიც. ამავე დროს მიკროჰისტეროსკოპის ოპტიკა გამოირჩევა მაღალი გარჩევისუნარიანობით, რაც პროცედურას ხდის უფრო ინფორმატიულს.
აპარატურა
მიკროჰისტეროსკოპიისას გამოიყენება ბოლო თაობის karl storz-ის ციფრული ვიდეოკამერა, რომელიც იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას მონიტორზე.
მიკროჰისტეროსკოპიის ჩატარების პირობები
მიკროჰისტეროსკოპია ტარდება ამბულატორიულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით, ხანგრძლივობა - 10-30 წუთი, გამოკვლევის შემდეგ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
საოპერაციო ჩარევები
მიკროჰისტეროსკოპიით ხდება საშვილოსნოს ღრუს და ცერვიკალური არხის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და საოპერაციო მკურნალობა:
- პოლიპექტომია (პოლიპების მოცილება ცერვიკალური არხიდან, საშვილოსნოს ღრუდან, მილების სანათურებიდან);
- სინექიოლიზისი (საშვილოსნოს ღრუს, ცერვიკალური არხის შეხორცებების მოცილება);
- მიომექტომია (საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომას მოცილება)
- საშვილოსნოს ტიხრის მოცილება;
- ენდომეტრიული უბნების მოცილება და ელექტროკოაგულაცია ბიპოლარული ელექტროდით;
- მილების სანათურების რეკონსტრუქცია (პლასტიკა);
- ცისტექტომია (ცერვიკალური არხის ცისტის მოცილება).
მიკროჰისტეროსკოპიის ჩვენებები:
მიკროჰისტეროსკოპიის ჩვენებას ზემოთჩამოთვლილი პათოლოგიების გარდა წარმოადგენს: ჩვეული აბორტი, გაუგებარი ეთიოლოგიის მეტრორაგია (სისხლდენები საშვილოსნოს ღრუდან), სისხლდენა პერიმენოპაუზაში, საშვილოსნოს განვითარების პათოლოგიები, უშვილობა. თანამედროვე სტანდარტით მიკროჰისტეროსკოპია ტარდება ხელოვნური განაყოფიერების წინ საშვილოსნოსშიდა პათოლოგიების გამოსარიცხად. მიკროჰისტეროსკოპიით შესაძლებელია ისეთი პათოლოგიების გამოვლენა, რომლებიც ექოსკოპიური გამოკვლევისას არ ვიზუალირდება.